ტუბერკულოზთან ბრძოლის ახალი ამერიკული პროგრამა

printprintemailemail
Published Date: 
April 5, 2012

5 აპრილს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რადისონში“, აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი, საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნატა ავალიანი საქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობისა და პრევენციის ახალ პროგრამას გახსნიან.

ოთხწლიან პროგრამას, რომელსაც ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) განახორციელებს, აშშ–ის მთავრობა 4.4 მილიონი დოლარით დააფინანსებს. პროგრამის მიზანია, გააუმჯობესოს საქართველოში ტუბერკულოზის შემთხვევების გამოვლენა და სამედიცინო მომსახურების ხარისხი.

ტუბერკულოზი განკურნებადია. შესაძლებელია მისი პრევენციაც, თუმცა ის კვლავ რჩება მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევ უმთავრეს ინფექციად. ახალი პროგრამის მიზანია, 2015 წლისთვის დაავადების შემთხვევათა 70%-ის გამოვლენა და მათი 85%-ის განკურნება. დღეს საქართველოში 6,000 პაციენტია რეგისტრირებული და ყოველწლიურად 4,500 ახალი შემთხვევის აღმოჩენა ხდება.

2003 წლიდან დღემდე ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) საქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობისა და კონტროლის პროგრამაზე 7.1 მილიონი დოლარი დახარჯა. აშშ–ის მთავრობის მხარდაჭერით სახელმწიფო და კერძო სექტორში დასაქმებულმა 2,700-ზე მეტმა ჯანდაცვის პროფესიონალმა ტრენინგი გაიარა.